ჩვენი სანიშნე უკვე 5 წლისაა!
ხანდახან, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა არაფერს უცნაურს და განსაკუთრებულს არ ელი, სადღაც, გონების მეათასედ უჯრედში მოულოდნელად აბრწყინდება ხოლმე პაწაწინა სინათლე, წამიერად გაელვებული ერთი ბეწო ახალი აზრი და თითქოს თავდაყირა აყენებს დიდი ხნის დალექილ ჩვეულებრივობას. პატარა, მბჟუტავ სინათლეს შეუძლია უზარმაზარი სიბნელიდან ბეწვის ბილიკებით თვალისმომჭრელ სინათლემდე გამოყვანა. თუ თვალი გაუსწორე და ციმციმა ციცინათელებისგან გამოარჩიე, მერე კი მაგრად ჩაეჭიდე ისე, რომ არ დაიკარგოს და არ ჩაქვრეს, მაშინ თავისივე პატარა ნათება უახლოესი ნაბიჯების დანახვაში დაგეხმარება და თუმცა არ ჩანს მთელი გასავლელი გზა განათებული, პატარ-პატარა გავლილი საფეხურები მიმართულებას გიკარნახებს, ყველაფერი დიდი და რთული, ხომ პატარა და მარტივი დეტალებისგან შედგება, დიდი გზა კი პატარა ნაბიჯებისგან, რომლებიც უბრალოდ უნდა გადააბიჯო.